ახალი ამბები
ზუგდიდელი მამაკაცი, რომელსაც თხილის ქარხანასთან სავარაუდოდ ქვა ჩაარტყეს, გარდაიცვალა
მამაკაცი, რომელსაც ზუგდიდში, თხილის ქარხანის მიმდებარედ მომხდარი დაპირისპირების დროს, სავარაუდოდ, ქვა ჩაარტყეს, გარდაიცვალა. ის ჯერ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, შემდეგ კი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. არსებული ინფორმაციით 40 წლამდე მამაკაცს ხერხემლის მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული.

შს სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა. საქმეზე გამოძიება თავიდან ჯგუფური ძალადობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი) დაიწყო, თუმცა მოგვიანებით 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით შეიცვალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ზუგდიდში, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 2 პირს ბრალი დაუმძიმდათ. ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, 1982 წელს დაბადებულ ი.ჭ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მიღებული დაზიანებების შედეგად დაშავებული 11 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით გრძელდება, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს", - განმარტავენ უწყებაში. 

ამავე ცნობით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე: 

ზუგდიდში, თხილის ქარხანასთან მომხდარ ინციდენტზე 2 პირი დააკავეს


Print