ახალი ამბები
"ლელო" ზუგდიდის საკრებულოს წევრს მუქარასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს
"ლელო საქართველოსთვის" ზუგდიდის ახალგაზრდული ფრთის წევრი ირაკლი მატუა საკრებულოს წევრს "ქართული ოცნებიდან" ოთო ქადარიას მოსყიდვასა და მუქარაში ადანაშაულებს. მისი განმარტებით, ქადარიამ მას "ლელოს" დატოვების სანაცვლოდ თანხა გადასცა, გარდა ამისა მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ააიპ-ში დასაქმებაც შესთავაზა. 

"დამირეკა ოთიკო ქადარიამ, მთხოვა შეხვედრა. იყო შეთავაზება, რომ პარტია დამეტოვებინა არა ჩუმად, არამედ ხმამაღლა, ისე რომ პარტიას შელახოდა სახელი. იყო შემოთავაზება თანხის, მუქარები... ამის შემდეგ მიყიდეს ბილეთი და ჩავჯექი ავტობუსში. იქაც გადამამოწმეს. ზუგდიდს რომ გავცდი დავურეკე მეგობრებს, რომ უკან დავებრუნებინეთ. თანხა, 600 ლარი შენახულია, მეთერთმეტე სკოლასთან გადმომცა ოთიკო ქადარიამ. იმის სანაცვლოდ, რომ დამეწერა პოსტი და დამეტოვებინა "ლელო", - უთხრა მატუამ ჟურნალისტებს.

"ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე ახვლედიანის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ისინი საგამოძიებო უწყებას მიმართავენ. პარტიაში ამბობენ, რომ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებებიც. 

თავის მხრივ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია საკუთარი თანაგუნდელების მხრიდან "ლელოს" წევრებზე ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფს.

"ეს მეთოდები ჩვენთვის უცხოა და გავატანეთ წინა ხელისუფლებას. ობიექტურად იქნება გამოძიებული ყველაფერი. არც საკრებულოში და არც პარტიაშია წევრი, ვისაც სურვილი ჰქონდეს ვინმესთან განახორციელოს ზეწოლა ან მოსყიდვა, ვატარებთ მშვიდ საარჩევნო კამპანიას, გეგმებზე ორიენტირებულს და ნამდვილად არ შედის ეს ჩვენს გეგმებში. გაყალბებასა და ფაბრიკაციაში ვერავის გავეჯიბრებით და თუ მიმართავენ სამართალდამცავებს, გაირკვევა ყველაფერი", - თქვა მამუკა წოწერიამ.
Print