ახალი ამბები
მამაკაცი, რომელმაც ზუგდიდში მოსახვედრად ენგური გადმოლახა, გზაში გარდაიცვალა
ოკუპირებული გალის სოფელ ოტობაიას მკვიდრი 55 წლამდე მამაკაცი, რომელმაც დილით სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი შემოვლითი გზით გადმოკვეთა, გარდაიცვალა. როგორც რადიო "ათინათს" ოჯახის ახლობელმა უთხრა, მამაკაცი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც მდინარე ენგური გადმოლახა. ის ზუგდიდში ნათესავთან ერთად მოდიოდა.

"ამ დილით წამოსულან და როგორც კი წყალს გადმოვიდნენ ცუდად გახდა. გზაში თურმე რამდენჯერმე ჩაიკეცა, ცუდად ვარო. სასწრაფომ ვერ მიუსწრო... მერამდენე შემთხვევაა, როცა საზღვრის ჩაკეტვას ადამიანი ეწირება. საოცარი ადამიანი იყო, კეთილშობილი, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, ისეთი ტრაგედიაა ჩვენთვის და ქვეყნისთვის. საცოდაობაა, რომ ამ ადამიანს ახლა ახლობლები ვერ დაიტირებენ", - გვითხრა ოჯახის ნათესავმა.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე ქუთაისში გადაასვენეს.

შს სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.
Print