ახალი ამბები
გალის რაიონის "ადმინისტრაცია" : სკოლებში სიტუაცია სტაბილურია
გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის სურამ ჯინჯოლიას თქმით, კორონავირუსის გავრცელების მთავარი კერა ლოკალიზებულია. ამის შესახებ მან 22 სექტემბერს გამართულ თათბირზე განაცხადა.  მისი თქმით, სოფელ საბერიოში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტების გამო მოსახლეობა გააფრთხილეს მასობრივი ღონისძიებების დაუშვებლობის და ინფიცირებულებთან კონტაქტის მქონე პირების თვითიზოლაციის აუცილებლობის შესახებ, წერს "აფსნიპრესი".  

ამავე შეხვედრაზე გალის რაიონის "განათლების განყოფილების" უფროსმა, ეკატერინა გაბელიამ განაცხადა, რომ საბერიოს სკოლის პედაგოგებს ბილოგიური ნიმუშები აუღეს და კორონავირუსიზე ტესტირების პასუხს უახლოეს ხანში ელოდებიან.

გამოცემის თანახმად, თათბირს გალის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ასტამურ გამგიაც ესწრებოდა. მან აღნიშნა, რომ თვითიზოლაციაში მყოფ პაციენტებს კლინიკური სიმპტომები არ აქვთ და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

სოხუმში მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 198 პირის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, მათგან 59-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. გუდაუთის საავადმყოფოში 100 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 98-ს. 7 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩოვიდ-19-ით გარდაცვლილია 7 ადამიანი.






Print