ახალი ამბები
ენმ-ს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია იქნება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ექიმი მალხაზ ჯალაღონია იქნება. ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.

"ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელს. ყველა ზუგდიდელისთვის პატივსაცემი პიროვნება, რომელიც 36 წელია ემსახურება ზუგდიდს. მიუხედავად იმისა, რომ მას უამრავი შემოთავაზება ჰქონდა აშშ-დან, მან უარი თქვა დაეტოვებინა მშობლიური ქალაქი. აქტიურად იყო ჩართული კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში და დღესაც აქტიურად განაგრძობს ამ ბრძოლას. ის ახლაც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის იბრძვის და მისი პროფესიიდან გამომდინარე, კარანტინში იმყოფება", - ასე შეაფასა წარდგენისას ჯალაღონია უდუმაშვილმა.

ექიმ-თერაპევტმა მალხაზ ჯალაღონიამ თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი დაამთავრა. ამჟამად ის "ევექსის" ქსელის კლინიკაში მუშაობს.

ჯალაღონიას კონკურენტები ზუგდიდში "ევროპული საქართველოდან" გიგი უგულავა, "ქართული ოცნებიდან" კი ირაკლი ჩიქოვანია.

Print