ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსისგან მერვე პაციენტი გარდაიცვალა
გუდაუთის საავადმყოფოში კიდევ ერთი კოვიდდადასტურებული პაციენტი გარდაიცვალა, ამის შესახებ "აბხაზია ინფორმი" ავრცელებს ინფორმაციას, ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით. 60 წლამდე მამაკაცი სოხუმის რესოუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 19 სექტემბერს სუნთქვის მწვავე უკმარისობით შეიყვანეს. სამედიცინო კვლევების შედეგად მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია დაუდგინდა. 20 სექტემბერს დილით პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიუხედავად მედიკოსების მიერ ჩატარებული ინტენსიური თერაპიისა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოცემის თანახმად, პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებდე, ის რამდენიმე დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდა.

ეს მერვე პაციენტია,  რომელიც აფხაზეთში Covid 19 - ით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა.

სოხუმში მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 197 პირის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, მათგან 62 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გუდაუთის საავადმყოფოში 91 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 89-ს, მათგან 7 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთის 1116 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი.



Print