ახალი ამბები
“ევროპული საქართველო“: ზუგდიდში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებად „ოცნების“ მხარდამჭერებს ირჩევენ
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში უბნების თავმჯდომარეებად წინასწარ შერჩეულ პირებს აირჩევენ და სია სუს-თანაა შეთანხმებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოდან“ საოლქოს წევრმა ბესიკ დონაძემ უთხრა. მისი მტკიცებით, მმართველი გუნდის შტაბიდან მათ იმ ადამიანების სია მიაწოდეს, რომელთა უმეტესობა მერიის, ააიპ-ების თანამშრომლები და სკოლების დირექტორები არიან. დონაძე ამბობს, რომ სია სუს-თან და საოლქო კომისიასთან უკვე შეთანხმებულია. ოპოზიციურ პარტიაში დასძენენ, რომ ისინი შეეცდებიან, პროცესს ხელი შეუშალონ.


„წყარომ „ქართული ოცნებიდან“ მოგვაწოდა სია იმ ადამიანების, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ არიან დაკავშირებულები და სწორედ მათ არჩევას აპირებს. ეს სია შეთანხმებულია სუს-თან, საოლქოსთან და ეს არიან პირები, რომლებიც გამოირჩევიან ხელისუფლებისადმი მორჩილებით, არიან დაინტერესებულები, რადგან დასაქმებულები არიან სკოლებში, მერიაში, ააიპ-ებში“, - თქვა დონაძემ.

თავის მხრივ, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ წინასწარ უცნობია, ვის აირჩევენ უბნების წარმომადგენლები სამ სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე.

„ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ჩავერიოთ უბნების გადაწყვეტილებაში. თავისთავად, „ქართული ოცნებიდან“ წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება, რომ სამივე პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურები დააყენონ, მაგრამ რაც შეეხება სხვა არჩეულ წევრებს, კანონი არ კრძალავს მატ არჩევას. მობრძანდეს ყველა ჩართული მხარე და დააკვირდნენ პროცესს, რომელიც იქნება გამჭვირვალე. დაველოდოთ, ვინ იქნება არჩეული“, - განმარტა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა.

ოლქში უბნის თავმჯდომარეებს 30 სექტემბერს აირჩევენ.



Print