ახალი ამბები
ხმაური ზუგდიდის საარჩევნო კომისიაში - ოპოზიცია საოლქოს კანონდარღვევაში ადანაშაულებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ზუგდიდის #67-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი საარჩევნო ინვენტარისა და სიების არაუფლებამოსილ პირებზე გადაცემაში დაადანაშაულეს. როგორც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა კობა კვარაცხელიამ ჟურნალისტებს უთხრა, საარჩევნო უბნები ოფიციალურად ხვალიდან იხსნება, შესაბამისად, მსგავსი ინვენტარის წინასწარ დარიგება კანონდარღვევაა.

"ინვენტარს და სიებს გასცემენ წინასწარ არაუფლებამოსილ პირებზე. გვიმტკიცებენ კომისიის წევრები არიანო, კოდექსში პირდაპირ წერია - კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება პირველი შეკრების დღიდან, რომელიც არის ხვალ, შესაბამისად ეს ყველაფერი მიდის ვიღაცასთან სახლში. განგვიმარტონ ვინ არის ეს ხალხი, ვის აძლევენ კედლის სიას, რომელი დადგენილებით სარგებლობენ. ჩვენ შიგნით არ გვიშვებენ ამ დროს. ყველა არის "ქართული ოცნების" აქტივისტი. დღეიდან დაიწყო არჩევნების გაყალბება", - თქვა მან.

კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა საოლქოს თავმჯდომარემ. კომისიის სხვა წევრებმა, მათ შორის კი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ყველა პროცედურა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

კამათის დროს კომისიის ერთ-ერთი წევრი შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
Print