ახალი ამბები
ხვალიდან სოხუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ისევ შეზღუდვები ამოქმედდება
კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო 1 ოქტომბრიდან სოხუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში დროებითი შეზღუდვები ამოქმედდება. ამის შესახებ ქალაქის "ადმინისტრაცია" ავრცელებს განცხადებას.

აღნიშნული რეგულაციების თანახმად, ავტობუსების, ტროლეიბუსების და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა უნდა ატარონ ნიღბები, ხელთათმანები და გამოიყენონ სადეზინფექციო საშუალებები. მგზავრებს შორის დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია. წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს ეკისრებათ, ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის თანახმად 5 ოქტომბრიდან აიკრძალება მასობრივი სპორტული, გასართობი და საგამოფენო ღონისძიებების ჩატარება დახურულ შენობებში. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კულტურული დაწესებულებებისთვის, რომლებიც ვალდებულები იქნებიან შეასრულონ გარკვეული მოთხოვნები კორონავირუსის პრევენციის მიზნით.
ასევე გარკვეული შეზღუდვები წესდება კვების ობიექტებისთვის.

29 სექტემბრის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების  35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციური განყოფილებაში 116 პაციენტი მკურნალობს, მათგან 108 - ს Covid -19 დაუდასტურდა, 16 - მძიმე მდგომარეობაშია, წერს "აბხაზია ინფორმი" ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 1387 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 493, გარდაცვლილია - 11 ადამიანი.

Print