ახალი ამბები
ენმ: ზუგდიდში საუბნო კომისიების ხელმძღვანელები წინასწარ შეთანხმებული პირებით დააკომპლექტეს
ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიას მმართველ პარტიასთან გარიგებაში ადანაშაულებენ. ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანი წითლიძის თქმით, მათ რამდენიმე დღის წინ გააჟღერეს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მთელი ოლქის მასშტაბით კომისიების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები "ქართულმა ოცნებამ" წინასწარ შეარჩია, რაც საუბნო კომისიების პირველივე სხდომების შემდეგ დადასტურდა. 

"როგორც თქვენთვის ცნობილია, 30 სექტემბერს გაიმართა საუბნო კომისიების პირველი სხდომა, სადაც აირჩიეს კომისიის თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ წინასწარ ვიცოდით, ვინ იქნებოდა არჩეული და ეს დირექტივა იყო მიღებული "ქართული ოცნების" მიერ. შეგიძლიათ ნახოთ სია, რომელიც წარმოვადგინეთ და 95% ამ ადამიანების, სწორედ ის პირები არიან. ესენი არიან "ქართული ოცნების" აქტივისტები, ოჯახის წევრები, რომლებიც იღებენ დავალებებს, როგორ უნდა ჩაატარონ არჩევნები. მოვუწოდებ მათ, ნებისმიერი ასეთი ფაქტი არის სისხლის სამართლებრივი დანაშაულის საფუძველი და ამაზე პასუხისგება მოუწევთ", - ამბობს წითლიძე.

ენმ-ის ბრალდებებს #67 საოლქო საარჩევნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა უპასუხა. მისი განმარტებით საარჩევნო უბნებზე წევრები კომპეტენციის გათვალისწინებით და კანონთან შესაბამისობაში შეარჩიეს. მესხის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიამ საოლქოში განცხადება შეიტანა, თუმცა საკითზე არცერთი საჩივარი არ დაწერილა.
Print