ახალი ამბები
"ევროპული საქართველო" ირაკლი ჩიქოვანს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქოში საჩივარი შეიტანეს. როგორც პარტიის წევრმა ბესო დონაძემ ჟურნალისტებს უთხრა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის ფეისბუქ გვერდზე განთავსებულია ვიდეორგოლები, რომლებშიც საარჩევნო აგიტაციის მიზნით პედაგოგები და საბავშვო ბაღების თანამშრომლები მონაწილეობენ, რაც მისივე თქმით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა. 

"ვიდეო რგოლში კარგად ჩანს მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო ნომერი და ყველა საჭირო საარჩევნო სიმბოლიკა. გთხოვთ დაუყონებლივ რეაგირებას წინასაარჩევნო აგიტაციაში დარღვევით მონაწილეობისთვის, მოხდეს ყველა დამრღვევი პირის დაჯარიმება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 79-ე მუხლის შესაბამისად", - თქვა ბესიკ დონაძემ.

თავის მხრივ, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი განმარტავს, რომ წარმოდგენილ მასალას გაეცნობა, მოკვლევის შემდეგ კი საოლქოში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურნენ "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში, სადაც ამბობენ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში დარღვევას ადგილი არ ჰქონია. 

"კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში, რომელიც მხარდამჭერების ვიდეოებს მოიცავს, ჩართული არიან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს და პროფესიის წარმომადგენლები. ხსენებულ ადამიანებს შეუძლიათ ნებაყოფლობით, მათი სურვილისამებრ მიიღონ მონაწილეობა მსგავს აქტივობებში. ამ ადამიანებს არასამუშაო დროს არ ეკრძალებათ პოლიტიკური აქტივობა. არ მომხდარა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ჩაწერა მოხდა არასამუშაო დროს. ევროპულ საქართველოს ვურჩევთ, განცხადებების გაკეთებამდე კარგად გადახედონ კანონმდებლობას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print