ახალი ამბები
სახალხო დამცველი ხელისუფლებას ირაკლი ბებუას გათავისუფლებისთვის ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდებს
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, სახალხო დამცველი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ირაკლი ბებუას უკანონო დაკავების შესახებ გავრცელების მომენტიდან ჩართულია საქმის შესწავლის პროცესში. სახალხო დამცველს დახმარების თხოვნით დაკავებულის ოჯახის წევრებმაც მიმართეს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატი განმარტავს, ირაკლი ბებუას მიერ სავარაუდოდ განხორციელებული ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, მაღალია ალბათობა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ მის მიმართ ბრალი ხელოვნურად დაამძიმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ბებუამ დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა დაწვა, თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოები მას ასევე სხვისი ქონების განზრახ განადგურებას და საბრძოლო მასალის უკანონოდ ფლობას ედავება. ბებუას ე.წ. სასამართლომ ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ადამიანის ძირითადი უფლებების მოქმედება, მათ შორის პირის უფლება დაცული იყოს თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან, უსამართლო სასამართლოსგან - ვრცელდება მთავრობების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზეც.

„საერთაშორისო სამართლით, არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ერთი მხრივ, ოკუპანტ სახელმწიფოს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს, ასევე დე ფაქტო ხელისუფლებებს. შექმნილ ვითარებაში, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

გალში დაკავებულ ირაკლი ბებუაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში 30 სექტემბერს გავრცელდა, რომლის მიხედვით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში "გამარჯვების დღეებს" ზეიმობდნენ.

1 ოქტომბერს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი. ქართული მხარე ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.

დაკავებულის ოჯახი უკვე შეხვდა სახალხო დამცველს. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ სამინისტრო შესაბამის სტრუქტურებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა უმოკლეს დროში გაათავისუფლონ გალში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე. თავად ბებუამ დაკითხვისას განმარტა, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვს არც დროშასთან და არც აფხაზ ხალხთან. მამაკაცი განმარტავს, რომ მისი ამ ქმედების მიზანია გამოხატოს აფხაზებისა და ქართველების მეგობრულად ცხოვრების სურვილი.

Print