ახალი ამბები
ჯემალ სოსელიას გატაცების საქმეზე სამ პირზე ძებნა გამოცხადდა
სექტემბრის დასაწყისში გალში გატაცებული ჯემალ სოსელიას საქმესთან დაკავშირებით, გალის რაიონის სოფელ დიხაზურგას მცხოვრებ ომარ ხარჩილავაზე ძებნა გამოცხადდა. ასევე იძებნება მისი ვაჟი - მალხაზ ხარჩილავა და სოფელ ჭუბურხინჯის მცხოვრები ბადრი აბლოთია. დანაშაულის კიდევ ორი ფიგურანტის ვინაობა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ სახელდება, ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

7 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა გალის მკვიდრის, ბიზნესმენ ჯემალ სოსელიას გატაცების საქმეზე. გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო სს კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

25 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია ჯემალ სოსელიას გათავისუფლების შესახებ, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამაც დაადასტურა. უწყების განცხადებით, სოსელია 23 სექტემბერს, "ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე გაათავისუფლეს".  ერთ - ერთი არაოფიციალური ვერსიით, გატაცებული "უშიშროების ძალების" მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს, მეორე ვერსიით, მან გამტაცებლებს თავი საკუთარი ძალებით დააღწია.

ჯემალ სოსელიას გატაცების შესახებ 6 სექტემბერს გახდა ცნობილი. აღნიშნული ინფორმაცია პირველად გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ გაავრცელა სოციალურ ქსელში. ის წერდა, რომ 2015 წლის შემდეგ, ეს გალის რაიონში მოქალაქის გატაცების პირველი შემთხვევაა.


ამავე თემაზე:

სოხუმი: გატაცებული ბიზნესმენი ჯემალ სოსელია თავისუფალია

გალში გატაცებული ბიზნესმენის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო




Print