ახალი ამბები
საგარეო სირიაში აფხაზეთის “საელჩოს“ გახსნაზე: ეს უკანონო გადაწყვეტილებების გაგრძელებაა
სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა წარმოადგენს იმ სრულიად უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებას, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს. ამის შესახებ სპეციალური განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყებაში განმარტავენ, რომ ორი წლის წინ აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილების გამო საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაცრად დაგმო ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე. არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას მკაფიოდ გაემიჯნენ სირიის ოპოზიციური ძალებიც, რომელთაც მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - აცხადებენ უწყებაში.

რუსეთის მოკავშირე სირიის ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2018 წლის მაისში აღიარა. „საელჩო“ კი დღეს, 6 ოქტომბერს უნდა გაიხსნას.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სირიის გარდა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.




Print