ახალი ამბები
მესტიაში საპროტესტო აქცია გაიმართა
სვანეთში საოჯახო სასტუმროს მფლობელებმა მესტიის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამომხმარებლო სესხების გადავადებას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ძირითადი შემოსავალი ტურიზმზეა დამოკიდებული და სეზონის ჩავარდნის გამო საბანკო ვალდებულებებს ვერ ასრულებენ. 
„10 აგვისტოს მდგომარეობით ვითხოვთ სესხების შეჩერებას. ამ დრის მერე თუ ვინმეს რამე პროცენტი, საურავი დაემატა უნდა გაუქმდეს. მესტია ჩაიკეტა გამონაკლისის სახით, 17 ინფიცირებულის გამო, რომელიც მესტიასაც კი არ შეხებია, მხოლოდ ლენჯერის ჩაკეტვა საკმარისი იყო. ჩაგვკეტეს 25 დღით და სწორედ ამიტომ ვითხოვთ სესხების გადავადებას“, - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ლელა ჩართოლანმა.


აქციის მონაწილეებს მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი შეხვდა და გაესაუბრა. მისი თქმით, ის იცნობს ადგილობრივების პრობლემას, თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხების მოგვარება მარტივი არ არის. მერის თქმით, ტურიზმის სექტორის საბანკო სესხების პროცენტების გადავადებაზე საუბარი დაწყებულია და მიკროსაფინანსო ორგანიზეცები ამ საკთხებზე მუშაობენ.
„ის მოთხოვნა, რომელიც მესტიელებს აქვთ, მხოლოდ ადგილობრივების პრობლემა არ არის, ეს გლობალური პრობლემაა და მე ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს. დღესაც ელაპარაკება საბანკო სექტორს ეკონომიკის სამინისტრო და ამაზე სერიოზული სამუშაოა გასაწევი“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.


ინფორმაციისთვის, სვანეთის მოსახლეობამ მსგავსი აქცია რამდენჯერმე გამართა. მათ ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი გზაც ჰქონდათ გადაკეტილი.

Print