ახალი ამბები
სასტუმრო „ოდიშის“ ყოფილი შენობის ღირებულება 1.5 მლნ ლარით გაიაფდა
ზუგდიდის მერია სასტუმრო "ოდიშის" ყოფილ შენობას ელექტრონულ აუქციონზე 2.5 მილიონ ლარად ყიდის. მისი  ღირებულება 1.5 მილიონი ლარით გაიაფდა. მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ქონება (პირველი სართულის ნაწილი და მეორე-მესამე სართული) თავდაპირველად გამოცხადებულ აუქციონზე ვერ გაიყიდა, მაშინ მერია შენობას 4 მილიონ ლარად ყიდდა.

აუქციონი პირობიანია და მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის განმავლობაში სასტუმროს ან კომერციული ფართების მოწყობისთვის 4 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

"აღნიშნული ინვესტიციის 30% განხორციელება ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. შემძენს ექნება შესაძლებლობა არასაცხოვრებელ ფართზე დააშენოს მანსარდული ტიპის მე-4 სართული", - ვკითხულობთ აუქციონის პირობებში.

აღნიშნულ შენობაში მცხოვრები დევნილების განსახლება სახელმწიფომ 2021 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს.

შესაბამისი აუქციონი დღეს გამოცხადდა და ვაჭრობა 5 ნოემბერს დასრულდება. 


Print