ახალი ამბები
წალენჯიხაში 5 დღეა შუახნის მამაკაცს ეძებენ, სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო
მეხანძრე-მაშველები სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარედ, 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ დაკარგული მამაკაცის საძიებო სამუშაოებს. სამაშველო-საძიებო ოპერაციაში ჩართულია 15-კაციანი ჯგუფი და დრონი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.



უწყების ცნობით, დღეს საძიებო სამუშაოებში ჩართო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მაშველებმა, ოჯახის წევრებთან ერთად, მთის ფერდის ის ნაწილი დაათვალიერეს, სადაც ფეხით გადაადგილება შეუძლებელია.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში 6 ოქტომბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით გავიდა 61 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში არ დაბრუნებულა. სამაშველო-საძიებო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაში, მიტოვებულ ქოხში იპოვეს. საძიებო სამიშაოებში, ასევე ჩართული იყო ექსპერტ-კრიმინალისტების კინოლოგიური სამსახურიც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


გაუჩინარებული 61 წლის მამაკაცის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მედიისთვის ამის შესახებ დღეს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აღნიშნული განცხადება სამაშველო სამსახურმა გააავრცელა.

Print