ახალი ამბები
გიგი უგულავას ზუგდიდში მედიათეკების მოწყობა სურს
"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა ამომრჩევლებს მედიათეკების მოწყობას ჰპირდება. მან აქტივისტებთან ერთად სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე პროექტის პრეზენტაცია გამართა. მისივე თქმით, საწყის ეტაპზე სივრცეების მოწყობას ქალაქის ტერიტორიაზე, შემდეგ კი სოფლებში გეგმავს.

"მედიათეკის იდეაა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკვერებთან ახლოს მოეწყოს კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც არის მულტიფუნქციური, არის სამკითხველო, ისევე, როგორც ინტერაქციული საშუალებები და საზოგადოებრივი ღონისძიების მოწყობის შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდისთვის ეს იქნება უნიკალური სივრცე, ახალგაზრდებისა და ხანშიშესულებისთვის მიმზიდველი. ეს არის თანამედროვე ბიბლიოთეკა, რომელიც მრავალმხრივი ინტერაქციის შესაძლებლობას იძლევა. მე ვფიქრობ,რომ ეს უნდა გაკეთდეს ფაიფურისა და კომბინატის უბნებში და ბოტანიკური ბაღის ადმინისტარციის შენობაშიც, რომ ეს საამაყო ადგილი და სილამაზე, რომელიც ბოტანიკურშია, იყოს გაცილებით მრავალფეროვანი და მრავალფუნქციური", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

კანდიდატმა ასევე დასძინა, რომ მას მედიათეკების მოწყობის გამოცდილება თბილისში აქვს და იმედოვნებს, რომ ზუგდიდელები მსგავს ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

Print