ახალი ამბები
Covid – 19: ხვალიდან სოხუმი დამატებით შეზღუდვებს აწესებს
კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით, სოხუმში 15 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.   შესაბამის განკარგულებას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი, წერს "აბხაზია ინფორმი".

ახალი რეგულაციების თანახმად, ხვალიდან აფხაზეთში იკრძალება მასობრივი, სპორტული, გასართობი, საგამოფენო ღონისძიებების ჩატარება. ამავე პერიოდში აკრძალულია, თეატრების, ბიბლიოთეკების, კულტურული ცენტრების, კულტურის სახლების, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზების ფუნქციონირება.

ასევე, არ იმუშავებენ სკოლამდელი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებები: საბავშვო წრეები, სპორტული, ქორეოგრაფიული, სარეპეტიციო დარბაზები.  იკრძალება სპა და მასაჟის სალონების, საუნების მუშაობა.

ამ პერიოდის განმავლობაში, დროებით თავისუფლდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან 60 წელს ზემოთ ასაკის, "სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებში მომუშავე საჯარო მოხელეები", ასევე ის თანამშრომლები, რომელთაც სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის შვილები ჰყავთ. იგივე რეგულაციები ვრცელდება კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციების თანამშრომლებზე.  

14 ოქტომბრიდან სავალდებულო ხდება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება დაწესებულებებსა და სავაჭრო ობიექტებში.

მოქალაქეებს რეკომენდაცია ეძლევათ საზოგადობრივი თავშეყრის ადგილებში ატარონ სამედიცინო პირბადეები და დაიცვან ჰიგიენის შესაბამისი ნორმები და სოციალური დისტანცია.

ოკუპირებულ აფხაზეთში, მანამდე, 5 ოქტომბრიდანაც ამოქმედდა გარკვეული შეზღუდვები.

13 ოქტომბრის მონაცემებით, სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 87 შემთხვევა დაადასტურა. გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 147 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 2430 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 1087, გარდაცვლილია - 23 ადამიანი.
Print