ახალი ამბები
ზუგდიდის უნივერსიტეტში სწავლა შერეული სისტემით გაგრძელდება
შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 19 ოქტომბრიდან სწავლა შერეული სისტემით განახლდება. სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტის პროფესიულ მიმართულებაზე სწავლობენ, დაწესებულებაში მხოლოდ პრაქტიკული კურსებისთვის ივლიან.

"ამ შემთხვევაშიც თითო ოთახში ათზე მეტი სტუდენტი არ იქნება, ასევე, პროცესი ორ ცვლაში წარიმართება. რაც შეეხება თეორიულ სწავლებას, ის დისტანციურად გაგრძელდება. ვიმუშავებთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად", - უთხრა რადიო "ათინათს" უნივერისტეტის პროფესიული მიმართულების ხელმძღვანელმა მანანა სამუშიამ.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებელს, სწავლება აქ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. სტუდენტები უნივერსიტეტში მხოლოდ შუალედური და საბოლოო გამოცდების ჩასაბარებლად მივლენ.

ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2020 წლის 19 ოქტომბრიდან პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს არადისტანციურ რეჟიმში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით წარმართავენ.

უნივერსიტეტები უფლებამოსილნი არიან სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები წარმართონ დისტანციურად.

Print