ახალი ამბები
სოხუმი: ენგურის ხიდი პენსიონერებისთვის გაიხსნა
სოხუმმა 16 ოქტომბრიდან დროებით გახსნა სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი პენსიონერებისა და სოციალური შეღავათების მიმღებთათვის. ინფორმაციას "გალ ტვ" ავრცელებს.

ამავე ცნობით, საქართველოს მოქალაქეების ენგურის ხიდზე ტრანსპორტირებას, ორივე მიმართულებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა უზრუნველყოფს. ზუგდიდში მათი გადაყვანა და უკან, გალში დაბრუნება, კვირაში სამჯერ - ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს განხორციელდება.

აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი ცალმხრივად, ბოლოს 5 აგვისტოს გაიხსნა. მანამდე, ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორი, ასევე ცალმხრივად, რამდენიმე დღით, მაისში, ივნისსა და ივლისში იყო ორგანიზებული.

სოხუმმა სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი, პანდემიის მიზეზით 14 მარტს ჩაკეტა.

Print