ახალი ამბები
სოხუმში რუსული დროებითი საველე ჰოსპიტალი გაიხსნება

სოხუმში სამხრეთის სამხედრო ოლქის  მობილური, მრავალპროფილიანი ჰოსპიტალის სამხედრო მოსამსახურეები ჩავიდნენ. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


ამავე მონაცემებით, მობილური სამედიცინო ქვედანაყოფის შემადგენლობაშია 113 სამხედრო მოსამსახურე და დაახლოებით 30 ერთეული სამხედრო ტექნიკა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 100 ადგილიანი ჰოსპიტალი სოხუმში, სასტუმრო აიტარის ტერიტორიაზე განთავსდება. სამხედრო მედიკოსები აფხაზეთის მცხოვრებლებს სამედიცინო დახმარების გაუწევენ. უწყების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საველე ჰოსპიტალი აღჭურვილია ფილტვების ვენტილაციის აპარატებით, პაციენტებზე ინტენსიური დაკვირვების მონიტორებით, სისხლის ანალიზატორებით.

ეპიდსიტუაციის მკვეთრად გაუარესების გამო, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ ანუამ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს აფხაზეთში დროებითი საველე ჰოსპიტალის და შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო პერსონალის გაგზავნის თხოვნით მიმართა.

18 ოქტომბრის მონაცემებით სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 124 ახალი შემთხვევა დაადასტურა. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Сovid- 19  2 796 ადამიანს გამოუვლინდა, მათგან 1 187 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 27 პაციენტი.



 

Print