ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა დაადასტურა. გასული დღე-ღამის განმავლობაში Covid - 19-ზე სულ 372 პირი გამოიკვლიეს. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 176 პაციენტია მოთავსებული, მათგან 140 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა, 23 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 43 - ის საშუალო სიმძიმის, ჰოსპიტალიდან 10 ადამიანი გაეწერა.

ამავე ცნობით, 17 ოქტომბერს გუდაუთის ჰოსპიტალში კიდევ ერთი, 1957 წელს დაბადებული პაციენტი გარდაიცვალა. მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში 15 ოქტომბერს შეიყვანეს სუნთქვის მწვავე უკმარისობით და ორმხრივი პნევმონიით. უწყების ინფორმაციით, მიუხედავად ჩატარებული გადაუდებელი ღონსძიებებისა, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 2903 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 1197, გარდაცვლილია - 31 ადამიანი.

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით, 15 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, აფხაზეთში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდა.


Print