ახალი ამბები
კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა
სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად საარჩევნო უბნები შეიქმნა. აღნიშნულის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ცესკომ თითოეულ მუნიციპალიტეტში, საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში უკვე შექმნა დღეის მდგომარეობით 127 სპეციალური საარჩევნო უბანი და გამოაცხადა კონკურსი სპეციალური უბნების დაკომპლექტების მიზნით.

„ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, აქვთ შესაძლებლობა ზეპირი განცხადებით მომართონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის 22:00 საათის ჩათვლით.

ნიშანდობლივია, რომ როგორც სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, ისე საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ: ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სადეზინფექციო საშუალებებით.

ამასთან, სპეციალური ჯგუფის წევრების მიერ ამომრჩევლისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიისა და საარჩევნო ბიულეტენის გადაცემა მოხდება ამომრჩევლებთან ახლო კონტაქტის გარეშე, არანაკლებ ერთნახევარი მეტრის დისტანციის დაცვით.

რეგისტრირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, აკრედიტებულ მედიას და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა დააკვირდნენ კენჭისყრის დღის მიმდინარეობასა და ხმების დათვლის პროცესს. ისინი, ასევე შეძლებენ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა სპეციალური სიის საშუალებით და გამოიყენონ მათი აქტიური საარჩევნო უფლება.

როგორც რეგისტრირებულმა ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, ისე აკრედიტებულმა მედიამ და საარჩევნო სუბიექტებმა საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით უნდა მომართონ 26 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით და წარმოადგინონ აღნიშნულ სპეციალურ ჯგუფებში მათი წარმომადგენლები“, - ამბობს მიქელაძე.

სპეციალური საარჩევნო უბნები დილის 07 :00 საათზე გაიხსნება და გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება დილის 08 :00 საათიდან, რაც საღამოს 08:00 საათამდე გასტანს.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, ასევე არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, შესაბამისი ვადების გათვალისწინებით, დროულად მომართონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რაც უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას და ჩართულობას საარჩევნო პროცესებში.

Print