ახალი ამბები
TI: ზუგდიდში სკოლის დირექტორებმა მასწავლებლებს "ოცნების" მხარდამჭერთა სია და წინასაარჩევნო შეხვედრაზე დასწრება მოსთხოვეს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებზე განახლებადი ბლოგი გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში საუბარია ზუგდიდის სკოლების დირექტორების მიერ მასწავლებლებზე ზეწოლის შესახებ.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში დირექტორმა მასწავლებლებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა სიის მიტანა მოსთხოვა, ერთ-ერთ სხვა სკოლაში კი იმავე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის წინასაარჩევნო შეხვედრაზე დასწრება თხოვა, რადგან მისი თქმით პარტიიდან დაურეკეს და მასწავლებლების შეკრება სთხოვეს", - ნათქვამია TI-ს განახლებად ბლოგში.

ამავე ცნობით, ორივე პირმა ანონიმურად დარჩენა ისურვა. მათ ორგანიზაციის წარმომადგენელი ესაუბრა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, ზემოაღნიშნული ფაქტები 16 სექტემბერს დაფიქსირდა.
Print