ახალი ამბები
სოხუმი: ახალი ანტირეკორდი - 133 ინფიცირებული და 3 გარდაცვლილი
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა დაადასტურა. გასული დღე-ღამის განმავლობაში Covid 19-ზე სულ 403 პირი გამოიკვლიეს, წერს "აფსადგილ ინფო", ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, გუდაუთის საავადმყოფოში Covid-19 - ის დიაგნოზით შეყვანილი კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა, მათგან ორი - 78 წლის, ერთი კი 88 წლის მამაკაცი. შტაბის ინფორმაციით, პაციენტებს ორმხრივი პოლისეგმენტარული პნევმონია და თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ. მიუხედავად ჩატარებული ინტენსიური ღონისძიებებისა, მათი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ მოახერხეს.

ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 150 პაციენტია მოთავსებული, მათგან 119 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა, 31 - ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 3036 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 1267, გარდაცვლილია - 31 ადამიანი.

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით, 15 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, აფხაზეთში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდა.

Print