ახალი ამბები
ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
ზუგდიდის ცენტრში მიმიდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.

"ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შსს - ში  დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა, რის შემდეგაც, პოლიციის თანამშრომლებმა, შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. 

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის'' ერთ - ერთ ფილიალში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით თავდამსხმელი შიგნით იმყოფება და მძევლად ბანკის თანამშრომლები ჰყავს აყვანილი. პოლიციას ამ წუთებში პერიმეტრი გადაკეტილი აქვს და ჯერჯერობით უცნობია რას ითხოვს ბანკში შეჭრილი ნიღბიანი პირი. 

ზუგდიდის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმის გამო ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

Print