ახალი ამბები
შსს ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული თავდამსხმელის შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს.

"კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები", - ნათქვამია განცხადებაში.

ზუგდიდში სპეცოპერაციის დასრულებიდან რამდენიმე საათი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, რა მიმართულებით წავიდა თავდამსხმელი, რომელმაც ბანკი სამი მძევალთან ერთად დატოვა, მათ შორის ერთი - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციას უფროსი ავთადნილ გალდავა იყო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გამტაცებელს, სწორედ მან გადასცა თანხა, რომელსაც ის მთელი დღის განმავლობაში ითხოვდა.

გამსახურდიას გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალთან ბანკის თანამშრომლებისა და მოქალაქეების გათავისუფლების ოპერაცია 6 საათზე მეტხანს მიმდინარეოდა.

შეიარაღებული მამაკაცი დღეს, დაახლოებით 14 : 00 საათზე, ბანკის შენობაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, მან შენობაში შესვლამდე ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ჰაერში გაისროლა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.




Print