ახალი ამბები
გიგი უგულავა: ზუგდიდის სპეცოპერაცია არის ჩაფლავებული
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა „საქართველოს ბანკის“ ძარცვას და სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას აფასებს. ოპოზიციური პარტიის წევრი მიიჩნევს, რომ შედეგები, რითაც სპეცოპერაცია დასრულდა, მწვანე შუქს აუნთებს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს.

"სრული უპასუხისმგებლობაა შს მინისტრის განცხადება და თვალში ნაცრის შეყრა, რომ სპეცოპერაციის დროს თურმე ხელმძღვანელობდნენ ჰუმანური და ადამიანზე ზრუნვით. უნდა ესმოდეს შს მინისტრს, რომ დამნაშავე დაჭერილი არ არის და მაღალი ალბათობით, იდენტიფიცირებულიც არ არის, ეს იმას ნიშნავს და მან მიაღწია თავის საწადელს, რომ ამით მწვანე შუქი ენთება მსგავს ქმედებებს. ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ როცა ტერორისტი მიაღწევს თავის საწადელს, ეს უბიძგებს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს და ნიშნავს მწვანე შუქის ანთებას და წახალისებას“, - ამბობს უგულავა.

მისივე თქმით, უკვე შექმნილი უნდა იყოს თავდამსხმელის ფოტორობოტი, რათა მის ძიებაში საზოგადოებაც ჩაერთოს.

„როცა ვხედავთ, რომ იდენტიფიცირებულიც არაა დამნაშავე. ან ხდება დაკავება ცხელ კვალზე, ან რამდენიმე დღის შემდგ უნდა არსებობდეს ფოტორობოტი, იდენტიფიცირებული უნდა იყოს პირი, საზოგადოება ერთვება ასეთ ძიებაში იმიტომ რომ ხდება გამოფენა და თუ ვინმეს ინფორმაცია აქვს, აწვდის სამართალდამცავებს. ამ შემთხვევაში არც ერთი მომხდარა და არც მეორე. სამწუხაროდ, გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მომენტისთვის ეს არის ჩაფლავებული ოპერაცია“, - თვლის უგულავა.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკიდან მძევლების თანხლებით გაქცეულმა ბოროტმოქმედმა მიმალვა შეძლო. თავისუფალია ყველა მძევალი, მათ შორის, პოლიციის მაღალჩინოსანი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი შეიარაღებულია, აქვს ავტომატის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა. მან წაიღო ფული და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.

"საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირის მიერ მძევლების აყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

Print