ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდის სპეცოპერაცია იყო ძალიან წარმატებული და შედეგიანი პირველი ეტაპი
ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, ბანკის ყაჩაღობის საქმესთან დაკავშირებული სპეცოპერაცია იყო ძალიან წარმატებული და შედეგიანი პირველი ეტაპი. მისივე თქმით, პირველი ეტაპის ამოცანა იყო მძევლების უსაფრთხოება და ეს მიღწეულია. ჩიქოვანი იმედს გამოთქვამს, რომ დამნაშავეს უახლოეს მომავალში დააკავებენ.

„გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები და ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ უახლოეს მომავალში დამნაშავე იქნება დაკავებული და მიცემული პასუხისგებაში. აქვე ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან ბევრი სპეკულაცია გაისმის, არა აქვს ამას მნიშვნელობა მედიის წარმომადგენლები იქნებიან, პოლიტიკოსები თუ ე.წ. ექსპერტები, ფაქტი არის ერთი - ის რაც გააკეთა შს სამინისტრომ, მინისტრის ხელმძღვანელობით და აქ ადგილობრივი სამხარეოს წარმომადგენლების და ბატონ გალდავას მონაწილეობით, იყო ძალიან წარმატებული და შედეგიანი პირველი ეტაპი. შემდგომ, ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეს ადამიანი იქნეს დაკავებული. წინასწარ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რამე რაიმე იყო წარმატებული ან წარუმატებელი, არის არასწორი, ვინაიდან შსს იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა მოხდეს ამ ადამიანის იდენტიფიცირება და დაკავება“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს, შუადღეს, დაახლოებით, 14 საათზე და 10 წუთზე ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. თითქმის რვასაათიანი მოლაპარაკებისა და სპეცოპერაციის შედეგად, ბოროტმოქმედმა 4 მძევლის და 500 000 ამერიკული დოლარის (ოფიციალური ინფორმაციით) თანმხლებით ბანკის შენობა დატოვა და პოლიციის მანქანით მიიმალა. მოგვიანებით მან მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ჩხოროწყუს სოფელ კირცხში დატოვა და გაუჩინარდა. შსს ცნობით, მისი სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

Print