ახალი ამბები
"ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ბანკის თავდამსხმელს წისქვილების გახსნას სთავაზობს სამეგრელოს სოფლებში (ვიდეო)
ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, აბაშასა და მარტვილში "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" თავდამსხმელს მოუწოდებს ჩაბარდეს სამართალდამცავებს. თავის ვიდეომიმართვაში, თამარ ბელქანია თავდამსხმელს სთავაზობს, რომ გატაცებული ფულით აღნიშნული მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში წისქვილები გახსნას.
"ტერორიზმი დასაგმობია, თუმცა მას აქვს ერთადერთი გამოსავალი - ჩაბარდეს და ეს ფული, რომელიც ჩვენგან წაიღო ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, აბაშასა და მარტვილში, ყველა სოფელში წისქვილი გახსნას", - ამბობს ვიდეომიმართვაში ბელქანია.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს, შუადღეს, დაახლოებით, 14 საათზე და 10 წუთზე ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. თითქმის რვასაათიანი მოლაპარაკებისა და სპეცოპერაციის შედეგად, ბოროტმოქმედმა 4 მძევლის და 500 000 ამერიკული დოლარის (ოფიციალური ინფორმაციით) თანხლებით ბანკის შენობა დატოვა და პოლიციის მანქანით მიიმალა. მოგვიანებით მან მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ჩხოროწყუს სოფელ კირცხში დატოვა და გაუჩინარდა. შსს ცნობით, მისი სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

Print