ახალი ამბები
ზუგდიდში ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტზე პოლიციამ 2 პირი დააკავა
პოლიციამ ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურზე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2 პირი, 1997 წელს დაბადებული ხ.ს. და 1998 დაბადებული მ.ბ. დააკავა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, ბრალდებულები თავს დაესხნენ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობით, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ფული და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე: 

ზუგდიდში ნიღბიანებმა ბენზინგასამართი დააყაჩაღეს და გატაცებული ტაქსით მიიმალნენ
Print