ახალი ამბები
"ლელომ" სამეგრელოს ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ზუგდიდის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ალექსანდრე ახვლედიანი, თამარ ბელქანია და გია ბარამია წარუდგინა. ზუგდიდში გამართულ შეხვედრას პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.

ღონისძიებას დისტანციურად "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეც შეუერთდა, რომელმაც შეკრებილებს მიმართა.

"უნდა დავასრულოთ "ქართული ოცნება", რომელმაც ქვეყანა გააჩერა და დაუკარგა პერსპექტივა. მან ამ წლებში შექმნა მხოლოდ სიღარიბე და უიმედობა, რასაც ერთ კვირაში "ლელო" ქართველ ამომრჩეველთან ერთად დაასრულებს. ზუსტად სამეგრელოშია ქვეყნის გაერთიანების გასაღები, ცვლილებები ამ რეგიონიდან უნდა დაიწყოს. უნდა დაიწყოს მეგრელი კაცის გაძლიერებითა და უზრუნველყოფით. ამას მალაპარაკებს ანაკლიის პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი დამქაშების გამო შეჩერდა. ჩვენ ამ პროექტს მივიყვანთ ბოლომდე. მათ ჩვენს ხალხს დაუკარგეს სამუშაო ადგილები, რაც დანაშაულია. დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ", - თქვა ხაზარაძემ.

ადგილობრივებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა "ლელოს" გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ.

"დღეს ჩვენ წარვადგინეთ სამი ძალიან ძლიერი მაჟორიტარობის კანდიდატი სამეგრელოში, გამორჩეული კანდიდატები თავიანთი შესაძლებლობებით, ცოდნით, პატრიოტიზმით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ ქვეყნის ფეხზე დადგომაში. ქვეყანა ყველა კუთხით არის დასუსტებული, ამის გამოსწორებას ბევრი მუშაობა სჭირდება. ამიტომ არჩევნების მეორე დღიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ ქვეყნის ფეხზე დაყენება და სამეგრელოში მდგომარეობის გამოსწორება. ჩვენი კანდიდატები არიან გამორჩეული, სამართლიანი და პროფესიონალი ადამიანები და იმედი გვაქვს, მიიღებენ დიდ მხარდაჭერას არჩევნებში. ხალხმა იცის, რომ "ლელო" ქვეყანაში მდგომარეობას გააუმჯობესებს, როგორც კი ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, ამიტომ ის შემოწირულობაც, რასაც პარტია იღებს, შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს ბედი საგრძნობლად შეიცვლება",- აღნიშნა ჯაფარიძემ.


Print