ახალი ამბები
ზუგდიდში, ბანკზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ზუგდიდში 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია და ის იდენტიფიცირებულია.

"შსს მიმართავს მედიასაშუალებებსა და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროთი მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.

პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით, სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს", - ნათქვამია შსს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს, შუადღეს, დაახლოებით, 14 საათზე და 10 წუთზე ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. თითქმის რვასაათიანი მოლაპარაკებისა და სპეცოპერაციის შედეგად, ბოროტმოქმედმა 4 მძევლის და 500 000 ამერიკული დოლარის (ოფიციალური ინფორმაციით) თანხლებით ბანკის შენობა დატოვა და პოლიციის მანქანით მიიმალა. მოგვიანებით მან მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ჩხოროწყუს სოფელ კირცხში დატოვა და გაუჩინარდა. 
Print