რეგიონი
TI-ის ანგარიშში ზუგდიდში წინასაარჩევნოდ გამოვლენილი დარღვევები მოხვდა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევაში ორგანიზაციის მიერ ზუგდიდში გამოვლენილი დარღვევების შესახებაცაა საუბარი.

ორგანიზაცია პრობლემებს ხედავს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაში. ანგარიშის მიხედვით, წინა არჩევნების მსგავსად, წელსაც მნიშვნელოვან პრობლემად წარმოჩინდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების შერჩევის პროცესი.

"განსაკუთრებით აღსანიშნავია #67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია, რომელმაც დაქვემდებარებულ საუბნო კომისიებში 642 წევრიდან 102 კანონის მოთხოვნის უგულვებელყოფით დანიშნა, კერძოდ, პროფესიული ნიშნით დანიშნა ისეთი წევრები, რომლებიც წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს პარტიების მიერ იყვნენ დანიშნული, ეს კი წელს ამოქმედებული ახალი რეგულაციით, უკანონოა. გარდა ამისა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საუბრობდნენ იმაზე, რომ ცალკეულ საოლქო და საუბნო კომისიებში პროფესიული ნიშნით ახალდანიშნული წევრები ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული არიან მოქმედ ხელისუფლებასთან, მუშაობენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ან აქვთ ახლო ნათესაური კავშირი მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პერიოდულად ამოწმებდა მსგავს ინფორმაციას და მათი უმრავლესობა დასტურდებოდა", - ვკითხულობთ ანგარიშში.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ყურადღება გამახვილებულია  "ლელოს" შეხვედრის შესახებ, სადაც ზუგდიდში რამდენიმე მოქალაქე პარტიის ერთ-ერთ ლიდერს და თიბისი ბანკის დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს დაუპირისპირდა.

"როგორც მოგვიანებით გამოვლინდა, კონტრაქციის მონაწილეები საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები იყვნენ, მათ შორის მადონა მაქაცარია - ა(ა)იპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორი, როლანდ მაქაცარია - მუნიციპალური ა(ა)იპ-ის თანამშრომელი და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები", - წერია ანგარიშში.

ორგანიზაცია საუბნო კომისიის წევრების არჩევას ზემოაღნიშნული მეთოდით დაუშვებლად მიიჩნევს და კანონდამრღვევებს  "საარჩევნო კოდექსში" 2020 წლის 2 ივლისს შესული ცვლილებებისკენ მიუთითებს.

"გარდა ზემოაღნიშნული აშკარა კანონდარღვევისა, საოლქო და საუბნო კომისიებში პროფესიული ნიშნით ახალდანიშნული წევრები ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული არიან მოქმედ ხელისუფლებასთან, მუშაობენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ან აქვთ ახლო ნათესაური კავშირი მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. ასეთი სახის კავშირებს კანონი ინტერესთა კონფლიქტის კვალიფიკაციას არ ანიჭებს და შესაბამისად, არც ზღუდავს, თუმცა ის ამცირებს საარჩევნო პროცესებისადმი ნდობას და ითვლება მანკიერ პრაქტიკად. აგრეთვე, ხშირ შემთხვევაში წინასწარ იყო ცნობილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთაგან ვინ იქნებოდა არჩეული კომისიის თანამდებობის პირებად", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს და კანონის დაცვისკენ მოუწოდებს.

Print