ახალი ამბები
პროექტის „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“ პრეზენტაცია
სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში ახალი პროექტის  - „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის (SECTORS)“  განხორციელება  იწყება. პროექტის მიზანია საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესება სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს  „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“,  „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“,  „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ და ასოციაცია „ათინათთან“  პარტნიორობით  ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში დღეს ონლაინ კონფერენცია გაიმართა, სადაც ასოციაცია „ათინათის“  გამგეობის თავმჯდომარემ და პროექტის კოორდინატორმა სამეგრელოს რეგიონში რუსუდან ყალიჩავამ დამსწრეებს პროექტის მიზნები და დაგეგმილი საქმიანობა გააცნო. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ონლაინ შეხვედრას საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების  მედიისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი მომდევნო სამი წლის განმავლობაში  შემდეგი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს:

პროექტის სამიზნე მოწყვლადი ჯგუფის წევრთა, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელთა და საკონსულტაციო ორგანიზაციებისთვის ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამების განხორციელება;

ადგილობრივ ეკონომიკის სექტორში დასაქმების შესაძლებლობების შექმნა არსებული ბიზნესის გაძლიერებისა და სტარტაპების დაფინანსების გზით;

საჭირო უნარ-ჩვევებისა და საუკეთესო პრაქტიკის სტანდარტიზაცია პროექტის ფარგლებში დაარსებული ბიზნესკლასტერების გაძლიერებითა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით.

პროექტის ბენეფიციარები იქნებიან ის ახალგაზრდები, რომლებმაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ვერ შეძლეს განათლების მიღება.

Print