ახალი ამბები
ზუგდიდის ბაზარში მომუშავე ქალი საკუთარ სახლში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაიცვალა
ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში შუახნის ქალი, რომლის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა, რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის ზუგდიდის ბაზარში მუშაობდა, სადაც, სავარაუდოდ, დაინფიცირდა. რადიო "ათინათს" საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში უთხრეს, რომ ბაზრის ყველა თანამშრომელი, მათ შორის კი აღნიშნული პირიც, ინფორმირებული იყო, რომ ისინი რისკ-ჯგუფს განეკუთვნებოდნენ, თუმცა რამდენიმე მათგანმა გეგმიური ტესტირება არ ჩაიტარა.

"სავარაუდოდ, ამ ქალს ჰქონდა კოვიდი, რის გამოც მას შესაბამისი წესებით დაკრძალავენ. ბაზრის მომუშავეებმა იციან, რომ ექვემდებარებიან გატესტვას, თუმცა ბევრმა თავი აარიდა", - გვითხრეს ცენტრში.

სოფელში ამბობენ, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ოჯახის წევრებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა კოვიდმიმღები ცენტრების გადატვირთვის გამო, ქალმა ისევ სახლში გააგრძელა მკურნალობა.
Print