ახალი ამბები
ბადრი ესებუას გადაადგილების კადრები ძველია - შსს
ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალასთან დაკავშირებით, რომელიც მედია საშუალებებში გავრცელდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებული კადრები 6 ოქტომბრით თარიღდება.

"21 ოქტომბერს, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის - ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ რამდენიმე ტელევიზიის მიერ საზოგადოებისთვის მიზანმიმართულად მიწოდებულ იქნა არასწორი ინფორმაცია.

ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის - ბადრი ესებუას ზუგდიდის ქუჩებში თითქოს თავისუფლად გადაადგილება და ამ ინფორმაციის მიზანმიმართული გაყალბება ემსახურება საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ პოლიცია, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

Print