ახალი ამბები
"სამარცხვინო და გამყალბებლები" - ხმაური ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში
ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე საჩივრების განხილვას. სხდომაზე კენჭისყრის დღეს დაწერილი 6 საჩივარი განიხილეს, მათგან კომისიის უმრავლესობამ მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა, თუმცა ნაწილობრივ. საუბარია #89-ე საარჩევნო უბანზე, სადაც 39 ამომრჩეველს მხოლოდ მაჟორიტარული სიის ბიულეტენი მისცეს. "ევროპული საქართველოდან" კომისიის წევრი ბესიკ დონაძე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის დისციპლინური სასჯელის სახედ ხელფასის დაკავებას მოითხოვდა, თუმცა, კომისიის სხვა 9 წევრის გადაწყვეტილებით, ზვიად კუტალიამ მხოლოდ შენიშვნა მიიღო.

განსაკუთრებული დაძაბულობა მოჰყვა ინგირის #46-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის ბათილად ცნობის მოთხოვნას. აღნიშნულთან დაკავშირებით დონაძე ამტკიცებდა, რომ ამომრჩევლების ნაცვლად ყუთში ბიულეტენები კომისიის წევრებმა ჩაყარეს და ამის დასტურად ერთ-ერთი ამომრჩევლის მაგალითი მოიყვანა.

"#46-ე უბანზე გადასატან ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს თვითონ. იმავე დღეს ქალბატონი თალიკო ჯიჭონაია ამბობდა, რომ მასთან გადასატანი ყუთი არ მიუტანიათ. იმავე დღეს ამ ქალზე განხორციელდა ზეწოლა, რის შედეგადაც მოგვიწია პოლიციის ჯგუფის გამოძახება მის სახლში. მეორე დღეს კი დამრღვევი კომისიის წევრი მიდის და ამზადებენ ვიდეო გამოკითხვას, რომ თითქოს მან მიიღო მონაწილეობა. ჩვენ გვაქვს მისი პირადობის მოწმობა, მოვითხოვეთ სხდომაზე გაგვეხსნა სია, რათა გვენახა ხელმოწერა, რადგან რეალურად ამ ამომრჩეველს ხელი არ მოუწერია სიაზე. დღეს კომისიამ მესხის თავმჯდომარეობით კამერების წინ გააყალბა არჩევნები", - განაცხადა დონაძემ.

საპასუხოდ #67-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განაცხადა, რომ გადასატან ყუთში 48-ვე ბიულეტენი ამომრჩევლის ჩაგდებულია და ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

"თქვენ ნახეთ კონკრეტულად რაშიც იყო საქმე, #46-ე უბნის გადასატანი ყუთით, მონაწილეობა მიიღო 48 ამომრჩეველმა და ნახეთ, რომ ჩაიყარაო კონვერტებიო, არ დაელოდა შედეგებს და საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეხსნა ყუთი, გადაეთვალა შედეგები და შესაბამისად, შესწორდება ის შემაჯამებელი ოქმი 46-ე უბნის, მოუსმინეთ ამ ადამიანის (თალიკო ჯიჭონაიას) პოზიციის დაფიქსირებას და ნახეთ, რომ გადასატანი ყუთი ნამდვილად მიუვიდა, მიიღო გადასატანი ყუთით მონაწილეობა არჩევნებში", - თქვა მესხმა.

სწორედ ამ საკითხის განხილვისას დონაძემ კომისიის წევრებს გამყალბებლები უწოდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა და მან კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

საჩივრების განხილვას 67-ე საოლქო საარჩევნო კომისია მომდევნო დღეებში განაგრძობს.









Print