ახალი ამბები
"რუსეთის ელჩი აფხაზეთში": რუსი ექიმის გაუპატიურების მცდელობას ადგილი არ ჰქონია
"აფხაზეთში რუსეთის ელჩის" ალექსეი დვინიანინის განცხადებით, გუდაუთის საავადმყოფოში აფხაზი მედიკოსების დასახმარებლად ჩასული რუსი ექიმის "არც გაუპატიურების მცდელობას, მით უმეტეს, არც გაუპატიურების ფაქტს, ადგილი არ ჰქონია". მისი თქმით, ამას ადასტურებენ "აფხაზეთში რუსეთის საელჩოს" თანამშრომლები, რომლებიც 5 ნოემბერს გუდაუთის საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, ასევე "პრეზიდენტის ადმინისტრაციის და შსს-ს თანამშრომლები", წერს ინტერნეტ გამოცემა "აიიაირა".

"ადგილი ჰქონდა ტრადიციულ აფხაზურ სტუმართმოყვარეობას. ამ შემთხვევაში, ქალაქ გუდაუთის ადმინისტრაციის მხრიდან, რა დროსაც, სამწუხაროდ, ეს გასცდა ნორმებს. ინციდენტი ოპერატიულად მოგვარდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის, აფხაზეთის შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების შუამავლობით, რუსეთის საელჩოსთან ერთად ", - აღნიშნა ელჩმა.

ალექსეი დვინიანინმა მედიას მიმართა თხოვნით, "ნუ დაეყრდნობიან სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას". მისივე თქმით, გაუპატიურების მცდელობის შესახებ ინფორმაცია ანონიმურ Telegram არხებში გავრცელდა, შემდეგ კი ადგილობრივმა და რუსულმა მედიამ გაავრცელა. 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურაში ასევე ამბობენ, რომ გუდაუთაში ექიმის გაუპატიურების მცდელობის შესახებ განცხადება მათთან არ შესულა.

გუდაუთის რაიონის ხელმძღვანელის მოადგილის თემურ ვოზბას მიერ რუსი ექიმის გაუპატიურების მცდელობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში 4 ნოემბერს გაჩნდა.





Print