ახალი ამბები
ზუგდიდის საოლქოსთან ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია იწყება
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია იწყება. როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, ისინი არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებენ და მოითხოვენ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

"დღეს ზუგდიდში ყველა ოპოზიციური პარტია შევიკრიბეთ, იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ ის უმსგავსობა, რომელიც ჩაიდინა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ. ჩვენ მივალთ მირანდა მესხის კაბინეტთან და აუცილებლად მოვთხოვთ მას პასუხს იმ გაყალბებებზე, რომელმაც ძირეულად შეცვალა შედეგები, რომლითაც ოპოზიციამ გაიმარჯვა ზუგდიდში. ჩვენ აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს ხელისუფლებას, მივაღწევთ იმას რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები", - აღნიშნა"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ბათლომე შელიამ.

მანამდე ოპოზიციის ორგანიზებით ქალაქის ცენტრში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.

"ხელისუფლებამ არ დატოვა არანაირი სამართლებრივი გზა ბრძოლის. ხელისუფლებამ გვანახა, რომ ამ ქვეყანაში არ მუშაობს არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა, არ მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისია, არ მუშაობს სასამართლო, ყველა ეს ორგანო არის მხოლოდ "ქართული ოცნების" დანამატები. დარჩა ერთადერთი, ქუჩის გზა, სწორედ ამ ქუჩის პროტესტებით მიიღებს ხელისუფლება იმას, რომ მოუწევს ყველა ჩვენს პირობაზე დათანხმება, ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, არ შეიძლება ხალხს მოპარო არჩევანი და ეს შერჩეს. მხოლოდ ზუგდიდზე რომ ვთქვათ, 4 200 ზუგდიდელს საოლქო კომისიამ უბრალოდ მოპარა და არ მისცა არჩევანის შესაძლებლობა. ამის პასუხს ზუგდიდიდან და მთელი საქართველოდან მიიღებს "ქართული ოცნება", - უთხრა ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელმა ანა წითლიძემ. 


Print