ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
10 ნოემბრის მონაცემებით, აფხაზეთში 305 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 59-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამავე ცნობით, გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 102 კოვიდ პაციენტი გადის. მათგან 25 მძიმე მდგომარეობაშია.

გუდაუთის კოვიდ - მიმღებ ჰოსპიტალში, 1936 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა. ის სამედიცინო დაწესებულებაში 29 ოქტომბერს შეიყვანეს. მას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, ასევე მარცხენა მხარეს სეგმენტური პნევმონია დაუდგინდა. მიუხედავად ჩატარებული ინტენსიური თერაპიისა, პაციენტის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ მოახერხეს. მისი მდგომარეობა დამძიმდა და ის 9 ნოემბერს გარდაიცვალა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 28 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. მობილურ ჰოსპიტალში, რომელიც სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზეა მოწყობილი, 41 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის 4831 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3061 პირი. გარდაცვლილია 56 პაციენტი.



Print