ახალი ამბები
სოხუმი არ აპირებს უარი თქვას ჟენევის დისკუსიებზე
სოხუმი მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს გაგრძელებას და აცხადებს, რომ აღნიშნულ ფორმატს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში მნიშვნელოვან მექანიზმად თვლის. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში გამოეხმაურნენ ეუთოში აშშ-ის ელჩის, ჯეიმს გილმორის განცხადებას, რომელმაც ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლაში რუსული მხარე დაადანაშაულა. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს "მოგონილი პრეტენზიებია რუსეთის მიმართ", რომელსაც იგი ახსენებს როგორც "კონფლიქტის მხარეს" და არა როგორც "შუამავალს".

"ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გადატანა გამოწვეული იყო კორონავირუსის გავრცელების საფრთხით და რაიმე სხვა მიზეზის ძებნა არაა საჭირო. ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მუშაობაში დაინტერესებულია მასში ჩართული ყველა მხარე", - აცხადებენ "სამინისტროში".

ეუთოში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს გილმორმა განაცხადა, რომ რუსეთმა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გადადების მიზნით პანდემია საბაბად გამოიყენა, და მოუწოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს, 10-11 დეკემბერს დაგეგმილ მოლაპარაკებების 51-ე რაუნდს შეუერთდნენ.
.
Print