ახალი ამბები
სოხუმმა ქაფშიას ჭერის კვოტა 4 ათასი ტონით გაზარდა
აფხაზეთში, შავი ზღვის აკვატორიაში, ქაფშიას ჭერის კვოტა 2020-2021 წლებისთვის 42 ათასის ტონით განისაზღვრა. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბესლან ჯოპუამ განაცხადა. მისი თქმით, ეს ოთხი ათასი ტონით მეტია, ვიდრე წინა სათევზაო სეზონში დაშვებული კვოტა, წერს "აიაირა''.

აღნიშნული კვოტა თევზის რეწვით დაკავებულ 7 (ორი სოხუმსა და 5 ოჩამჩირეში) საწარმოს შორის გადანაწილდება, რომელიც ნედლეულის გადამუშავებას ეწევა და თევზის ფქვილს და ზეთს ამზადებს. ამავე ინფორმაციით, რესპუბლიკის ტერიტორიაზე 5 საკალმახე და კიდევ რამდენიმე მეურნეობა ფუნქციონირებს,  სადაც სხვა სახეობის თევზები გამოჰყავთ.

ჯოპუას თქმით, მათ მხარდასაჭერად 12 მილიონი რუბლია გათვალისწინებული. კერძოდ, საუბარია დახმარებაზე, რომელიც ითვალისწინებს "თევზის საკვების შეძენას, წყალმომარაგების პრობლემების აღმოფხვრას და რუსეთში პროდუქციის ექსპორტის ორგანიზებას".

ქაფშიას სეზონი დეკემბერში დაიწყება და თებერვალ - მარტში დასრულდება.




Print