ახალი ამბები
იანვრიდან სექტემბრამდე სამეგრელოსა და ზემო სვანეთში ოჯახში მოძალადე 824 პირი გამოავლინეს
2020 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით სამეგრელოსა და ზემო სვანეთში სამართალდამცავებმა ოჯახში მოძალადე 824 პირი გამოავლინეს და 452 შემაკავებელი ორდერი გამოწერეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ამავე მონაცემებით, მსხვერპლი ქალების ოდენობა მსხვერპლი მამაკაცების რაოდენობას, დაახლოებით, ხუთჯერ აღემატება. ოფიციალური ცნობით, 9 თვის განმავლობაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 338 ქალი და 63 მამაკაცი გახდა, მათ შორის, 22 შემთხვევაში მსხვერპლი 16 წელს მიუღწეველი პირია. რაც შეეხება მოძალადეებს, გამოვლენილი პირებიდან მოძალადე მამაკაცების რაოდენობა, დაახლოებით, ხუთჯერ მეტია, ვიდრე მოძალადე ქალების. უწყების ინფორმაციით, 9 თვეში ოჯახში მოძალადე 339 მამაკაცი და 73 ქალი გამოვლინდა.

აქვე ვკითხულობთ მონაცემებს ძალადობის სახეების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტი - 407 შემთხვევა ფსიქოლოგიურ ძალადობას უკავშირდება, 107 შემთხვევაში საქმე ფიზიკურ ძალადობას ეხება, ასევე, გამოვლინდა ეკონომიკური ძალადობის 5, სექსუალურის 2 და იძულების 4 შემთხვევა.

სულ საქართველოში 9 თვის განმავლობაში ოჯახში მოძალადე 14 755 პირი გამოვლინდა, გამოიწერა 8 130 შემაკავებელი ორდერი.

Print