ახალი ამბები
ბჟანია აფხაზეთში რკინიგზის განახლებაზე: ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში ტრანზიტი შესაძლებელია
"თავის დროზე ჩვენ განვიხილეთ ტრანზიტის საკითხი, ყოველთვის იყო განზრახვები, თუმცა შედეგები არ მიგვიღია ... ყარაბაღის მოვლენებმა ბევრი რამე შეიცვალეს და მომავალშიც შეცვლიან.  ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში ტრანზიტი შესაძლებელია. ვფიქრობ, ამ თემას მოგვიანებით ისევ დავუბრუნდებით ", - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. სოხუმში 17 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ აფხაზეთში რკინიგზის განახლების საკითხი, რომელიც სომხეთს რუსეთთან დააკავშირებს, სოჭში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განიხილეს, წერს "ეხო კავკაზა".

ბჟანიას თვლის, რომ აფხაზეთის სატრანზიტო პოტენციალი არის "დიდი, გლობალური პროექტი". "მისი გამოყენება გვინდა, ვფიქრობ, ასეთი დრო დადგება", - აცხადებს აფხაზი ლიდერი.

თებერვალში, სარკინიგზო კომუნიკაციის შესაძლო განახლებაზე საუბრისას, ბჟანიამ განაცხადა, რომ "ყველა საკითხი გადაწყდება მხოლოდ აფხაზი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და რუსეთის ფედერაციის ინტერესების გათვალისწინებით".

ასლან ბჟანიასა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა სოჭში 12 ნოემბერს შედგა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის, ასევე მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების" რეალიზაციის საკითხები განიხილეს. ამავე ინფორმაციით, აფხაზმა ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ფედერაციის მიერ "წლების განმავლობაში აფხაზეთისთვის გაწეული დახმარებისთვის, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიის დროს" და აღნიშნა, რომ "მეგობარი" ჭირში შეიცნობა.

ასლან ბჟანიამ ვლადიმირ პუტინი აფხაზეთში მიიწვია.

Print