ახალი ამბები
მაიკ პომპეოსა და არასამთავრობოების შეხვედრაზე ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაზეც ისაუბრეს
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსა და სამოქალაქო სექტორის შეხვედაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაშლაზეც იყო საუბარი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ უთხრა.

„რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტის ჩაშლაზეც იყო ყურადღება გამახვილებული, რადგან ანაკლიის პორტის მშენებლობა და საინვესტიციო გარემოს გაუარესება ამ ქვეყანაში, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, შემოვიდეს ქვეყანაში ახალი ინვესტიციები და შევძლოთ სიღარიბის დაძლევა", - განაცხადა ევგენიძემ.

გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორის ინფორმაციით, პომპეოსთან აუდიენციისას საუბრის მთავარ თემებს შორის სასამართლო ხელისუფლება და არაფორმალური მმართველობა იყო.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებით კი, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

„სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში. თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ, 17 ნოემბერს ჩამოვიდა. სახელმწიფო მდივანი სამშობლოში დღეს მას შემდეგ გაემგზავრა, რაც საქართველოს პრეიზდენტს, პრემიერ-მინისტრს, პატრიარქსა და სამოქალაქო სექტორს შეხვდა. ვიზიტის პარალელურად კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქცია მიმდინარეობდა.

ამავე თემაზე:

მაიკ პომპეომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა - საელჩო

ფოტო: აშშ-ს საელჩო საქართველოში
Print