ახალი ამბები
ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა - საოლქო
ზუგდიდის #27 მაჟორიტარულ ოლქში 8 საათისთვის ყველა უბანი მზად იყო კენჭისყრის პროცედურისთვის. ამის შესახებ ჟურნალისტებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უთხრა. მირანდა მესხის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მათ მიერ დანიშნული კომისიის წევრები გაიწვიეს, ხოლო რამდენიმე კომისიის წევრი უბანზე Covid 19-ით ინფიცირების გამო ვერ გამოცხადდა, ყველა პროცედურა წესის დაცვით ჩატარდა.

"შვიდ საათზე ყველა უბანი იყო გახსნილი. იცით, რომ კომისია მუშაობს 10-კაციანი შემადგენლობით, ვინაიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" და "ევროპული საქართველოდან" დანიშნული წევრები ოფიციალურად გაწვეულია. ზოგიერთ უბანზე არის 9-კაციანი და 8-კაციანი შემადგენლობა, კოვიდის გამო გამოაკლდნენ წევრები საუბნო კომისიებს. 7 კაცი არის საჭირო რომ უბანი გაიხსნას. ყველგან გვყავს ამ რაოდენობის შემადგენლობა, შესაბამისად შეფერხება არ გვექნება. წილის ყრის პროცედურები, გადასატან ყუთთან და ძირითადი ფუნქციების განაწილებასთან დაკავშირებით ყველგან დასრულებულია. 08:00 საათისთვის ყველა უბანი მზად იყო კენჭისყრის პროცედურისთვის. ამომრჩევლის უსაფრთხოება დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით",- თქვა მირანდა მესხმა.

მისივე ცნობით, ისევე როგორც არჩევნების პირველ ტურში, ზუგდიდში სულ რეგისტრირებულია 120 255 ამომრჩეველი. გახსნილია 109 უბანი, მათ შორის ორი კოვიდუბანი რუხსა და ანაკლიაში.
Print