ახალი ამბები
ჩვენ დემოკრატიულ, მშვიდ და სტაბილურ გარემოში ვატარებთ დღეს არჩევნებს - გეგა შენგელია
31 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გააკეთა სწორი არჩევანი და დღეს ჩვენ გავამყარებთ ჩვენს გამარჯვებას, საბოლოო წერტილს დავუსვამთ ამ ყველაფერს, - ამის შესახებ ზუგდიდის მერმა საარჩევნო უბანზე ყოფნისას თქვა. გეგა შენგელიამ მოსახლეობას არჩევნებზე მოსვლისკენ და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

"ხმა მივეცი კანდიდატს, რომელთან ერთადაც დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში ჩვენს მუნიციპალიტეტში გაგრძელდება განვითარების ის ტემპი, რომელიც დღეს მიმდინარეობს. ადამიანს, რომელიც იქნება ღირსეული ხმა თითოეული ზუგდიდელისთვის საკანონმდებლო ორგანოში. ბუნებრივია, პროცესი არის დემოკრატიული და ის ამომრჩევლის ნება, რომელიც მოვა საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდება სრულიად მშვიდ გარემოში. აქტივობა ამ წუთისთვის უკვე არის საკმაოდ მაღალი, დღის განმავლობაში ზუგდიდელები საკუთარ არჩევანს გააკეთებენ. რაც შეეხება ჩვენი ოპონენტების არარსებობას და ბოიკოტს არჩევნების მიმართ, ეს მათი გადაწყვეტილებაა. მათ ალბათ წინასწარვე იცოდნენ, რომ დღეს უპირობოდ დამარცხდებოდნენ. ეს მათი გადაწყვეტილებაა, ჩვენ დემოკრატიულ, მშვიდ და სტაბილურ გარემოში ვატარებთ დღეს არჩევნებს", - თქვა შენგელიამ. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დღეს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის ზუგდიდშიც მიმდინარეობს. ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთპროცენტიანი ბარიერი გადალახა და მოხვდა პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობს. ზუგდიდში, არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატები გავიდნენ, თუმცა ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილმა მალხაზ ჯალაღონიამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.


Print