ახალი ამბები
ზუგდიდში ირაკლი ჩიქოვანმა ხმების 93.88% მიიღო - ცესკო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის #27 მაჟორიტარულ ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. ირაკლი ჩიქოვანმა ხმების 93.88% (31 678) ხმა მიიღო. ამ ეტაპზე დათვლილია ზუგდიდის 109-ვე საარჩევნო უბანი. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიის კანდიდატს მალხაზ ჯალაღონიას, რომელმაც მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა,  ხმების 6.12% (2 064 ხმა) მიიღო.

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც გუშინ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ბოლო მონაცემებით, ზუგდიდის #27-ე მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა სულ 34 080 მოქალაქემ მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 28.34%-ს შეადგენს. პირველ ტურში საკუთარი არჩევანი 46.17%-მა დააფიქსირა. მაშინ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ჩიქოვანმა ხმების 48.24 % მიიღო, ხოლო ენმ-დან მალხაზ ჯალაღონიას 36.93 %-მა დაუჭირა მხარი. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ის გააყალბა, რასაც უარყოფენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ოპოზიციამ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა და მასში მონაწილეობა არ მიიღო. 


Print